თუ ამომრჩეველს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა, მას უფლება აქვს მოითხოვოს გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემა.
გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემისთვის ამომრჩეველმა საუბნო საარჩევნო კომისიას უნდა მიმართოს 15 ოქტომბრის 18:00 საათამდე, წერილობით ან ტელეფონის მეშვეობით.
თქვენი საარჩევნო უბნის სატელეფონო ნომრის გარკვევა შეგიძლიათ ცესკოს კონტაქტ ჰაბის ტელეფონის ნომერზე: 032 251-00-51
წერილობით მიმართვის შემთხვევაში განცხადებაში მითითებული იყოს:
ამომრჩევლის სახელი და გვარი;
პირადი ნომერი;
მისამართი, სადაც ამომრჩეველი ითხოვს გადასატანი საარჩევნო ყუთის მიტანას.
გადასატანი საარჩევნო ყუთის სია დგება იმ ამომრჩეველთა ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე, ვისაც:
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა;
იმყოფება პატიმრობაში;
სამკურნალოდ წევს საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მასში არ იხსნება საარჩევნო უბანი;
იმყოფება ადმინისტრაციულ პატიმრობაში;
ვის და რა ფორმით შეუძლია მიმართოს ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველმა საარჩევნო უბნის შეცვლის მიზნით?
წერილობით ან ზეპირი განცხადებით შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას.
ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბნების შესახებ განახლებული ინფორმაცია ცესკოს ვებგვერდზე განთავსდება (ბანერში „საარჩევნო რუკა“)
რამდენი დღით ადრე უნდა მიმართოს ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველმა შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას საარჩევნო უბნის შეცვლის მიზნით?
ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველმა შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას არჩევნებამდე მინიმუმ 11 დღით ადრე უნდა მიმართოს.
არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, შესაბამისად, წელს ეტლით მოსარგებლეებს დრო 15 ოქტომბრამდე ექნებათ.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებს საარჩევნო ადმინისტრაცია შემდეგ სერვისებს შესთავაზებს:
უსინათლო ამომრჩევლებს – საარჩევნო ბიულეტენის შესავსებ ჩარჩო/ფორმას;
მცირემხედველ ამომრჩევლებს – ორ ცალ გამადიდებელ ლინზას;
ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს – ადაპტირებულ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის სპეციალურ კაბინას;
ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს – კონტაქტ-ჰაბის ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორის მომსახურებას;
ყრუ, სმენადაქვეითებულ და მხარდაჭერის მიმღებ პირებს – ყველა საარჩევნო უბანზე გამოკრულ კენჭისყრაში მონაწილეობის ამსახველ პოსტერს. პოსტერზე დატანილი იქნება QR კოდი, რომელიც საშუალებას მისცემს ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს ხმის მიცემის პროცედურების შესახებ ინფორმაცია მიიღონ ჟესტურ ენაზე და ხმოვან ფორმატში.
კოდექსის მიხედვით, საარჩევნო უბანზე ცესკომ ისეთი ტექნოლოგიის გამოყენება უნდა უზრუნველყოს, რომელიც მხედველობის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებს საარჩევნო ბიულეტენის დამოუკიდებლად შევსების საშუალებას მისცემს.